თავი 1
სასტუმრო „მაჯესტიკი“
სამხრეთ ინგლისში, ჩემი აზრით, სენტ ლუ ყველაზე მშვენიერი ზღვისპირა ქალაქია, მართებულად უწოდებენ სანაპიროს დედოფალს, თანაც ძალიან მაგონებს რივიერას. ვფიქრობ, კორნუელის სანაპირო ისეთივე მომაჯადოებელია, როგორიც საფრანგეთის სამხრეთი.
ამ სიტყვებით მივმართე ჩემს მეგობარ ერკიულ პუაროს.
- გუშინ რომ ვიყავით, იმ ვაგონ-რესტორნის მენიუშიც ეწერა მსგავსი რამ, mon ami, ორიგინალური შენიშვნა ვერ გამოგივიდათ.
- დავიჯერო არ მეთანხმებით?
ჩაიღიმა და კითხვაზე არ მიპასუხა. გავუმეორე.
- ბოდიშს გიხდით, ჰასტინგს, ფიქრებით სხვაგან წავედი, სწორედ იმ მხარეში, ახლახან რომ ახსენეთ.
- სამხრეთ საფრანგეთში?
- დიახ. გასული ზამთარი იქ გავატარე და მაშინ მომხდარი ერთი ამბავი გამახსენდა.
მივხვდი რასაც გულისხმობდა. იმ იდუმალებით მოცულ მკვლელობას, ცისფერ მატარებელში რომ მოხდა. ძალიან ჩახლართული ამბავი იყო და სწორედ პუარომ მოჰფინა ნათელი მისთვის ჩვეული გამჭრიახობის წყალობით.
- ნეტავ თქვენთან ერთად ვყოფილიყავი მაშინ, - წარმოვთქვი ღრმა სინანულით.
- კარგი იქნებოდა, - მიპასუხა პუარომ. - თქვენი გამოცდილება ფასდაუდებელ სამსახურს გამიწევდა.
ცერად გავხედე. უკვე ჩვევად მექცა, უნდობლობით მოვკიდებოდი მისგან ქებას, მაგრამ ამჯერად საკმაოდ სერიოზული ჩანდა. კაცმა რომ თქვას, რატომაც არა? მის მეთოდებში ხომ შესანიშნავად ვერკვევი.
- დიდად გამომადგებოდა თქვენი ცოცხალი წარმოსახვის უნარი, ჰასტინგს, - განაგრძო ოცნებებში წასულმა. - ხანდახან განტვირთვა აუცილებელია. ჩემი ლაქია ჟორჟი შესანიშნავი კაცია, ზოგჯერ აზრსაც ვეკითხები, მაგრამ წარმოსახვის უნარს სრულიად მოკლებულია.
ეს შენიშვნა საკმაოდ უადგილოდ მომეჩვენა.
- ერთი მითხარით, პუარო, - მივმართე მე. – არასდროს გაგჩენიათ სურვილი, რომ თქვენს საქმეს დაუბრუნდეთ? ასე უმოქმედოდ ცხოვრება...
- ძალიანაც კმაყოფილი ვარ, მეგობარო. მზეს ვეფიცხები და გვერდებს ვითბობ, გგანა ამას რამე სჯობს? პიედესტალიდან იმ დროს ჩამოვედი, დიდების მწვერვალზე რომ ვიყავი. ამაზე დიდებული ჟესტი რა უნდა იყოს? ხშირად მესმის ხოლმე, როგორ ამბობენ, „ეს ხომ ერკიულ პუაროა! შეუდარებელი... უნიკალური!.. მისი ბადალი არც აქამდე ყოფილა და არც მომავალში იქნება!“ ეჰ ბიენ, მეც კმაყოფილი ვარ, მეტს არც ვითხოვ, თავმდაბალი კაცი ვარ.
თუმცა მე „თავმდაბალს“ ვერაფრით ვუწოდებდი. როგორც ჩანს, წლებმა ჩემი უმცროსი მეგობრის ამპარტავნობას ვერაფერი დააკლო... პუარო სკამზე გადაწვა, ულვაშზე ხელი გადაისვა და თვითკმაყოფილებისგან ლამის კრუტუნი დაიწყო.
სასტუმრო „მაჯესტიკის“ ერთ-ერთ ტერასაზე ვისხედით. ეს ყველაზე დიდი სასტუმროა სენტ ლუში, საკუთარი ბაღი აქვს და ზღვას გადაჰყურებს. ბაღში აქა-იქ პალმები დგას. ზღვა ლურჯად ლივლივებდა, მოწმენდილ ცაზე კი ისეთი მცხუნვარე მზე ანათებდა, აგვისტოს თვეს რომ შეეფერება, თუმცა, ინგლისში ასეთ მზეს იშვიათად ნახავთ. შორიახლოდან სასიამოვნოდ ისმოდა ფუტკრების ენერგიული ზუზუნი, და ეს ყველაფერი საუცხოო იდილიას ქმნიდა.
ქალაქში წუხელ ჩამოვედით, პირველი დღე იყო და ასეთი ამინდი თუ გაგრძელდებოდა, შესანიშნავი დასვენება გველოდა, აქ ერთი კვირით ვაპირებდით დარჩენას.
დილის გაზეთს დავწვდი, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელიდან გამივარდა და ვცადე, ახალი ამბები ყურადღებით ჩამეკითხა. პოლიტიკური სიტუაცია არასახარბიელო იყო, მაგრამ საკმაოდ უინტერესო, ჩინეთში რაღაც ცუდი ხდებოდა, ქალაქში მომხდარი თაღლითობის შესახებ გავრცელებული ჭორების ვრცელი მიმოხილვაც იყო დაბეჭდილი, თუმცა, მთლიანობაში ერთ საინტერესო ამბავსაც კი ვერ ამოიკითხავდა კაცი.
- რა უცნაური რამაა ეს თუთიყუშების დაავადება,-წარმოვთქვი და გაზეთის ფურცელი გადავშალე.
- ძალიან უცნაურია.
- ლიდსში კიდევ ორი ადამიანი გარდაცვლილა.
- მეტად სამწუხაროა.
გაზეთი გადავფურცლე.
- ერთი სიტყვაც კი არ წერია იმ მფრინავზე, სეტონზე, დედამიწისთვის რომ უნდა შემოეფრინა, გაბედული ახალგაზრდა ყოფილა, ეს ამფიბია თვითმფრინავი „ალბატროსიც“ დიდებული გამოგონებაა, ძალიან დამწყდება გული, სეტონმაც თუ წერილი წაიღო, თუმცა, ჯერ კიდევ არის იმედი, იქნებ წყნარი ოკეანის რომელიმე კუნძულამდე მიაღწია.
- სოლომონის კუნძულებზე ისევ ცხოვრობენ კანიბალები, არა?.. - სიამოვნებით ჩამეძია პუარო.
- ნამდვილად შესანიშნავი ახალგაზრდაა. როცა ასეთ ადამიანებს ვხედავ, ვფიქრობ ხოლმე, რა კარგია, რომ ინგლისელად დავიბადე-მეთქი.
- უიმბლდონზე დამარცხების მერეც ამით ინუგეშებთ თავს?- მკითხა პუარომ.
- არა, ეს სულაც არ მიგულისხმია, - ვუთხარი მე.
ჩემმა მეგობარმა მობოდიშება მოხდენილი ჟესტით შემაწყვეტინა.
- მე, - გამომიცხადა, - იმ საბრალო კაპიტან სეტონის თვითმფრინავივით ამფიბია არ გახლავართ, მაგრამ კოსმოპოლიტი ვარ და თქვენც იცით, რომ ინგლისელებს დიდ პატივს გცემთ, განსაკუთრებით იმის გამო მომწონხართ, ყოველ დილით გაზეთებს რომ კითხულობთ.
ყურადღება პოლიტიკურ ამბებზე გადავიტანე.
- როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა მინისტრი ცუდ დღეშია, - აღვნიშნე ხითხითით.
- ჰო, საცოდავს თავისი გაჭირვება ეყოფა! ისე